English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელია
ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კოვიდპანდემით გამოწვეული კრიზისის პირობებში

ანოტაცია. 2020 წლიდან მსოფლიო აღმოჩნდა ახალ გლობალურ კრიზისის წინაშე და შესაბამისად გაიზარდა ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის ხარისხი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელი გახდა პანდემიის მესამე ტალღის ეკონომიკური შედეგების პროგნოზირება. პანდემიით გამოწვეულ კრიზისს თან ახლავს არა მხოლოდ გლობალური ხასიათის დანაკარგები, არამედ მათი კომპენსაციის შეზღუდული წყაროები. ასეთი კრიზისი ბოლო 100 წლის განმავლობაში კაცობრიობის ყოფაში ყველაზე უპრეცედენტო მოვლენაა, რომელმაც არსებითი  ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ქვეყნების ბიზნესის განვითარებაზე. გამონაკლისი არ აღმოჩნდა საქართველო. მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანას COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი არსებითად შეეხო. ეკონომიკის დაპაუზების გამო, მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების დინამიკა. არაარსებითი აღმოჩნდა ეკონომიკის მხარდაჭერის სამთავრობო ღონისძიებანი, რომლებიც არ გამოირჩევა მნიშვნელოვანი შედეგიანობით.

 საკვანძო სიტყვები: კორონავირუსის პანდემია, კრიზისი, ბიზნესის განვითარება, კორონავირუსის  გავრცელება, საქართველო,  სამთავრობო პროგრამა. 

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად აისახა საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე. 2020 წლის გაზაფხულზე  ქვეყანაში შეიზღუდა: ტვირთების გადაზიდვა, მიმოსვლა, საკუთრების უფლება, საქმიანობის უფლება, რის გამოც ბიზნესსექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 

 ცხრილი 1

             საქართველოს ბიზნესსექტორის მაჩვენებელთა ცვლის დინამიკა   2014 -2020 წლებში

მაჩვენებლები

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

ბრუნვა მლრდ.ლარი

50.1

57.0

64.1

71.7

86.6

109.0

77.5

გამოშვებული პროდუქცია მლრდ.ლარი

26.1

30.0

34.2

38.2

41.6

47.5

10.3

დამატებული ღირებულება

მლრდ.ლარი

12.8

14.8

16.8

19.0

20.7

23.3

-

ფიქსირებული აქტივები მლრდ.ლარი

23.2

24.8

28.2

34.9

33.8

36.8

-

დასაქმებულები ათასი კაცი

592.1

626.7

666.8

706.2

734.2

756.9

631.8

დაქირავებულთა და დასაქმებულთა საშ. თვიური ანაზღაურება (ლარი)

800.5

896.8

938.0

1101.3

1161.7

1227.0

893.0

        წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/195/biznes-sektori

         როგორც №1 ცხრილიდან ჩანს, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს საგრძნობლად შემცირდა. თუ 2019 წელს ის 109 მლრდ. ლარს შეადგენდა, 2020 წლის  77,5 მილიარდია. მკვეთრი რეგრესით ხასიათდება გამოშვებული პროდუქციის რაოდენობაც,  2014 წლიდან ის ყოველწლიურად იზრდებოდა,  2020 წელს კი 47.5 მლრდ-დან 10.3-მდე  შემცირდა. COVID-19 პირველ ტალღის დროს, თვითიზოლაციისა და საკარანტინო რეჟიმის შემოღების შედეგად, ყველაზე მეტად მცირე ბიზნესმა განიცადა ზარალი.  მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა, რომელმაც საწარმოების 65%-ში  შემოსავლის   60%-ით   შემცირება გამოიწვია.   ყველაზე მეტად დაზარალდა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, სადაც ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.  მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა  და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, გაამწვავა კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა. მცირე კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნათ სერიოზული პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით. მოთხოვნის შემცირებისა და ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. მცირე საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი შეკვეცები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება. აღნიშნულ სექტორში კომპანიების 60%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. პანდემიის  პირველი ტალღის შემდეგ მცირე კომპანიების უმეტესობა 79% დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. ამ პირობებში  მათ 85%-ს არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. ხოლო იმ სეგმენტიდან, რომელმაც მიმართა საფინანსო ინსტიტუტებს, უმეტესობას  უარი ეთქვა  [Georgia Covid-19 survey Report 2021].  ბიზნესი, რომლებმაც ვერ შეძლო გადასვლა საქონლისა და მომსახურების ონლაინ ფორმატზე, გაკოტრების   წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსის გავრცელებამ შეაფერხა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც წინა წელს დაფიქსირდა. 2019 წელს ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავალმა შეადგინა 3.3 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 18.4%), საქონლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა - 3.8 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 21.2%), ხოლო წმინდა ფულადმა გზავნილებმა - 1.5 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ- ს 8.4%). აღნიშნულის შედეგად, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და მშპ-ის 5.1% შეადგინა. კორონავირუსის პანდემიის შოკმა მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდება. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების  ექსპორტის  55%-იანი  კლება,  სადაც  გათვალისწინებულია  საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით. ტურიზმის შემცირება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორებზე, მათ შორის, მშენებლობაზე და უძრავი ქონებით ვაჭრობაზე. 2020 წლის აპრილში, საქართველოს ექსპორტი შემცირდა 28%-ით, ხოლო იმპორტი   39%-ით. ექსპორტის შემცირებაზე პანდემიით განპირობებული შემცირებული მოთხოვნის გარდა, ასევე გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ვარდნა, რაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების შემოსავლებს და შესაბამისად მათ მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს.  ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ზრდის ზეწოლას გაცვლით კურსზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს მოსალოდნელია ექსპორტის შემცირება 24.2%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდება 21.1%-ით [gov.ge/COVID-19angarishi].

მოთხოვნის   შემცირება   და   ქვეყნებში   მიმდინარე   ეკონომიკური   კრიზისი უარყოფითად აისახება ფულადი გზავნილების მოცულობაზე. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შესაბამისად მისი შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს შიდა მოხმარებაზე. 2020 წლის აპრილის მონაცემებით, ფულადი გზავნილების  მაჩვენებელი შემცირდა 42.3%-ით, მათ შორის კლება შეინიშნება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: რუსეთი (-61.8%), იტალია (-27.5%), საბერძნეთი (-37.9%), აშშ (-33.6%), ისრაელი (-48.4%).

პანდემიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის,   ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებისათვის დამატებით საჭირო ხარჯები 3 მლრდ. ლარზე მეტს შეადგენს.  ზემოთ ღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ  დონორებისგან  მიიღო მნიშვნელოვანი ფულადი რესურსები. შედეგად, ჯამში მოზიდულ იქნა, 1.5 მლრდ. აშშ დოლარი საბიუჯეტი დახმარება, მათ შორის: IMF – 200.0 მლნ. აშშ დოლარი; ADB  – 400.0 მლნ. აშშ დოლარი; WB – 250.0 მლნ. აშშ დოლარი; AFD -  200.0 მლნ. აშშ დოლარი; KfW – 250.0 მლნ. აშშ დოლარი; EU  – 200.0 მლნ. აშშ დოლარი; AIIB – 100.0 მლნ. აშშ დოლარი. 1.5 მლრდ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახდა კერძო სექტორისთვის [gov.ge/COVID-19angarishi].

პანდემიამ შესაძლებელი გახადა   ბიზნესპროცესების მნიშვნელოვნად შეცვლა.  გაიზარდა ელექტრონული კომერცია - 2020 წლის იანვრიდან აპრილამდე ამ ბაზრის მოცულობა გაიზარდა 27% (შედარებისთვის, მთელი 2019 წლის ზრდა იყო 16%). ანალიტიკოსები ასევე ელიან, რომ ელექტრონული კომერციის ბაზარი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ მომხმარებლების ხარჯზე, რომლებიც არ იყენებენ ონლაინ მაღაზიების მომსახურებას [T.Shengelia 2020].

პანდემიის კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება (განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემა) პანდემიის კრიზისს არაადეკვატურად მოუმზადებლები შეხვდნენ, ხშირად მათ არ გააჩნდათ მასთან ბრძოლის აუცილებელი გეგმა.  დღევანდელ რეალობაში საქართველოში რთულია ისეთი ინსტიტუტების ან ორგანიზაციების პოვნა, რომლებიც არ დაზარალდნენ COVID-19-ის შედეგად. ზოგადად,  საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტი მოიცავდა:  ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებას, საგადასახადო წახალისებას, ფინანსური დახმარების ზომებს,  ქონების მხარდაჭერის ზომებს. 

 ვითარების უპრეცედენტობა გამოიხატაბა იმაშიც, რომ COVID-19 არ გააჩნია გეოგრაფიული საზღვრები. 2020 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის დონე შემცირდა ყველა მსხვილ ეკონომიკაში, მათ შორის ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან ისინი ცდილობენ განსხვავებული მიდგომებით გაუმკლავებოდნენ პანდემიას.   მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური მშპ უფრო მნიშვნელოვნად შემცირდა, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს (-11,2% -ით).   წლიური მშპ-ს დინამიკა მსოფლიო ქვეყნების მიხედვით ასახულია №1 ცხრილში.

                                                                                                                                  ცხრილი 1.

               წლიური მშპ-ს დინამიკა მსოფლიო ქვეყნების მიხედვით %-ში  2017-2020 წლებში

 

2017

2018

2019

2020

 მსოფლიო მშპ

3,3

3,0

2,4

-7,7

 განვითარებული ქვეყნები:

2,5

2,1

1,6

-8,4

 აშშ

2,4

2,9

2,3

-7,9

 ევროკავშირი

2,5

1,9

1,2

-10,1

 იაპონია

2,2

0,3

0,7

-6,8

 განვითარებადი ქვეყნები:

4,5

4,3

3,5

-6,6

 ჩინეთი

6,8

6,6

6,1

-4,9

 თურქეთი

7,5

2,8

0,9

-6,8

 პოლონეთი

4,9

5,3

4,1

-7,8

ბრაზილია

1,3

1,3

1,1

-10,0

 მექსიკა

2,1

2,2

-0,3

-8,7

 საუდის არაბეთი

-0,7

2,4

0,3

-5,7

 წყარო: The    World    Bank.    Pandemic,    Recession:    The    Global    Economy    in    Crisis.    URL:

https://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects#.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გლობალური მშპ-ს დაცემა 2020 წელს 3%-ია, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)–ის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის ბოლოს მსოფლიო ეკონომიკისთვის კორონავირუსის პანდემიისგან ჯამური ზიანი დაახლოებით 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. მშპ-ს უფრო მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა 2020 წლის მეორე კვარტალში - აშშ-ს მშპ ჩამოიშალა 32,9% -ით, ევროკავშირი - 14,4% -ით და დიდ ბრიტანეთში - 21,7% -ით [cbr.ru/Collection].

                                                                                                                                                      ცხრილი  2. 

                                      მსოფლიო ქვეყნების მაკროეკონომიკური ინდიკატორები

 

 ქვეყნები

                     საქმიანი აქტიურობის ინდექსები

 უმუშევრობა, %

          მრეწველობა

      მომსახურების სფერო

   2019

  2020

 

 იანვარი 2020

აპრილი 2020

 იანვარი 2020

  აპრილი 2020

 აშშ

51,9

36,1

53,4

26,7

3,7

10,4

 დიდი ბრიტანეთი

50,0

32,6

53,9

13,4

3,8

4,8

 ევროკავშირი

47,9

33,4

52,5

12,0

6,3

8,3

 გერმანია

45,3

34,5

54,2

16,2

3,2

3,9

 საფრანგეთი

51,1

31,5

51,0

10,2

8,5

10,4

იაპონია

48,8

41,9

51,0

21,5

2,4

3,0

ჩინეთი

51,1

49,9

51,8

44,4

5,1

5,3

წყარო:Jones L., Palumbo D., Brown D. Coronavirus: A visual guide to the economic impact. BBC News, 29 June 2020. URL: https://www.bbc.com/news/business-51706225;

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა საქმიანი აქტივობის ინდექსები, რაც მსოფლიოს ქვეყნებში სხვადასხვა  სიჩქარით მიმდინარეობდა  (ცხრილი 2), რაც ბუნებრივად აისახება უმუშევრობის დონის ზრდაში, რომელიც შეიძლება რიგი ქვეყნებისათვის უპრეცედენტო გახდეს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ 2020 წელს უმუშევრობა,    სამჯერ გაიზარდა და 10.4% შეადგინა, ხოლო უმუშევრობის უმნიშვნელო ზრდა მოსალოდნელია იაპონიაში,  ძირითადად საქმიანი აქტიურობის მომსახურების სფეროში შემცირების გამო.  როგორც OECD–ის სტატისტიკურ კვლევაშია ნათქვამი [OECD, 2020], მცირე და საშუალო ბიზნესის წილი უმუშევრობის საერთო მაჩვენებელში ყველაზე მაღალია ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან.  ფაქტობრივად, ეს არის სამუშაო ადგილების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 40% OECD– ს ქვეყნებში, მათგან საშუალოდ 75% მცირე და საშუალო საწარმოა. ესენია:   საბითუმო და საცალო ვაჭრობა, საჰაერო ტრანსპორტი, სასტუმროს ბიზნესი, კვება, უძრავი ქონება და სამომხმარებლო მომსახურება. Covid 19–ის გავრცელების  შედეგად შესყიდვების შემცირებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მცირე ბიზნესზე. ქვეყნების მიხედვით, ეს კლება იყო შემდეგი: ჩინეთი 32%, იაპონია 37%, გერმანია 49%, საფრანგეთი 50%, აშშ 52%, იტალია 54%, კანადა 72%, დიდი ბრიტანეთი 78%, მექსიკა 80% [OECD, 2020].  თუ მოთხოვნა არ აღდგება, მაშინ  ეს პროცესი გაღრმავდება. ამის შედეგი იქნება სამუშაოების მასიური დანაკარგები, სიღარიბის ზრდა და ეკონომიკური უთანასწორობა. 

პანდემიურმა კრიზისმა შეზღუდა  ბიზნესის ტრადიციული, ამასთან  შექმნა  ახალი შესაძლებლობები. ყველაზე რთული პრობლემა იყო  ღირებულების ჯაჭვში. როგორც წესი, მცირე ბიზნესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებლებზე და მიმწოდებლებზე.  ღირებულების ჯაჭვის ნებისმიერ ადგილას განხორციელებულ ცვლილებებს დაუყოვნებლივი გავლენა გააჩნია მის ყველა მონაწილეზე. ეროვნული საზღვრების დაკეტვამ  გამოიწვია ლოჯისტიკური ქსელის მოშლა, ხოლო  მარაგების შემცირების შემდეგ, საფრთხე დაემუქრა  ამ ქსელის თითქმის ყველა  მონაწილეს.  

     ბიზნესის მრავალი  უპირატესობის მიუხედავად, COVID 19-ის კრიზისმა აჩვენა, რომ  აუცილებელია შემუშავდეს საგანგებო სიტუაციაში საქმიანობის ალტერნატიული გეგმები [Rapaccini M. and Ets., 2020]. მიუხედავად ამისა, პანდემია მნიშვნელოვნად შეამცირა ბიზნესის შესაძლებლობები,  მისი განვითარების და აღდგენის  პოტენციალი.

საქართველოს  მთავრობის ანტიკრიზისული  გეგმა  კორონავირუსის გავრცელების  პირველ ეტაპზე,   2020   წლის   გაზაფხულზე   შემუშავდა.  ეს   გეგმა  მოიცავდა  შემდეგ    სამ   ძირითად კომპონენტს: მოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სოციალური მხარდაჭერას (1 მილიარდ 35 მილიონი ლარი); ეკონომურ განვითარებასა და მეწარმეობის მხარდაჭერას (2 მილიარდ 110  მილიონი ლარი); ჯანდაცვის  სისტემის  გაძლიერებასა და  პანდემიასთან ბრძოლას (350  მილიონი ლარი). ეს ჯამში 3.5 მილიარდ ლარს შეადგენდა.  მოგვიანებით მთავრობამ გამოაცხადა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებათა მესამე ეტაპი, რომლითაც გრძელდება დაგეგმილი    ანტიკრიზისული  ღონისძიებები. მნიშვნელობის მიუხედავად სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებანი მოითხოვდა უფრო სერიოზულ გააზრებასა და სიღრმისეულ არგუმენტაციას.

 ასე მაგალითად, ტურიზმის ბიზნეს-სუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადების მხოლოდ 4 თვით გადავადდა 2020  წლის  1  ნოემბრამდე.  დაუსაბუთებელი ოპტიმიზმით სავსე განცხადებები ზაფხულის განმავლობაში ფრენების აღდგენისა და ტურისტებისათვის  „უსაფრთხო ზონების“ მოწყობის შესახებ, კარგად ასახავს იმას,  რომ მთავრობას  პრობლემის  სიმწვავე  სრულად   გაცნობიერებული  არ   აქვს.   

გაუგებარია სამუშაო ადგილზე  გაცემული  სუბსიდიის ეკონომიკური შინაარსი. საქართველოს ეკონომიკაში   მხოლოდ  ორი    დარგია,  სადაც   საშუალო ხელფასი   750   ლარზე    ნაკლებია.  აქედან პირველია განათლება, სადაც სამუშაო თითქმის  არავის დაუკარგავს, მეორე კი სოფლის  მეურნეობა, სადაც  მეტწილად არაფორმალური დასაქმება დომინირებს. ამის  გათვალისწინებით, საშემოსავლო შეღავათები მოსახლეობის მცირე სეგმენტს შეეხება.  

ანტიკრიზისულ გეგმაში გაზაფხულზე დაფიქსირებული აგროკრედიტები და სასოფლო- სამეუნეო სესხები  უკვე კარგა ხანია გამოიყენება ამიტომგაუგებარია თუ რაში  მდგომარეობს მათი ანტიკრიზისული ბუნება. არაარგუმენტირებულად გვეჩვენება სამელიორაციო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება 2020  წელს   და    წინა   დავალიანებების სრული  ჩამოწერა. 

მოსახლეობის კომუნალური  ხარჯების  დაფინანსება გარძელდა 2020 წლის  ბოლოს შემოღებული ახალი შეზღუდვების შემდეგაც. ამასთან, ეკონომისტებისათვის  კრიზისამდეც  ცხადი იყო, რომ კომუნალური  სფეროს სტაბილური ფუნქციონირებისთვის უახლოეს  მომავალში აუცილებელი გახდებოდა ტარიფების ზრდა, რაც ობიექტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული. მაგალითად, საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის   2020  წლის  29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი. ასეთ   პირობებში    კომუნალური  სფეროს სუბსიდირება არის ფასების ტარიფების ზრდის კომპენსაცია და არა ანტიკრიზისული ღონისძიება.

 იმ ადამიანებისთვის ვინც დაკარგა სამსახური  თვეში   200   ლარის კომპენსაცია     ბიუჯეტში    6  თვის  განმავლობაშია გაწერილი, ხოლო ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაში  – მხოლოდ 2  თვეა. პირველ  შემთხვევაში გათვალისწინებულია დაახლოებით 350  000  ათასი   მოქალაქე,  ხოლო შემდეგ  –  125  ათასი.  ამასთან გაუგებარია ბენეფიციართა  შემცირების მიზეზები. 

ხელფასდაკარგულთა დახმარების სქემები, რომლებიც COVID-19-ის პერიოდში ამუშავდა, ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ი.  ამასთან, საქართველოს მთავრობას  არ გააჩნია   ამ სქემების რეალიზაციის   ფინანსური რესურსები. გარდა ამისა, ხსენებულ ქვეყნებში ამ სქემებით ხელფასების მინიმუმ 80% ანაზღაურდება (იხ. furlough scheme ბრიტანეთში), საქართველოში   კი   მხოლოდ 20%  და  ისიც  შერჩევითად.   გაუგებარია, რა ლოგიკით  ეძლევათ   თვითდასაქმებულებს  ერთჯერადად მხოლოდ 300  ლარი. 

 საკრედიტო-საგარანტიო სქემის  დაფინანსება  განახლებულ ბიუჯეტში  წარმოდგენილია 330 მილიონი ლარით. ეს სქემა და შესაბამისი ფონდი  ჯერ კიდევ 2019  წლის  პირველ კვარტალში შეიქმნა, თუმცა ბოლომდე გაუგებარი გახდა ფონდის პრიორიტეტები და დაფინანსების მიზნობრიობა.

რთული დასადგენია მცირე გრანტებისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ანტიკრიზისული  ღონისძიებები.  სამშენებლო სექტორს ბოლო წლებში  ლიკვიდობისა და მოთხოვნის პრობლემა არ ჰქონია, ამიტომ  გაუგებარი იყო მისი დაფინანსების პრიორიტეტულობა.  

  ბიუჯეტის ცვლილების  მიხედვით,   სოფლის  მეურნეობის მხარდაჭერისთვის დამატებით  გამოყოფილი 139  მილიონი ლარიდან 69  მილიონი მიმართულია რთველის დასაფინანსებლად, რაც პანდემიის კონტექსტში  წინააღმდეგობრივი მუხლია. მითუმეტეს, რომ ეს მექანიზმი მეღვინეობის სექტორიათვის  მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგებით არ გამოირჩევა.  სოფლის  მეურნეობაში ანტიკრიზისულ  ღონისძიებად   ფერმერთა  200 ლარიანი დახმარება, ტექნიკისა და სარწყავი სისტემის თანადაფინასება   და  ძირითადი   სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების   ფასების სუბსიდირება არ შეიძლება ჩაითვალოს.  

   მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და  განახლებული ბიუჯეტი, არაერთგვაროვან    შთაბეჭდილებებს ტოვებს.  ერთის    მხრივ,     მიგვაჩნია,   რომ   სწორია მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის დამატებითი დახმარების  გაწევა და ბანკების ლიკვიდობის შენარჩუნების მიზნით  დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფა, ხოლო დანარჩენი ღონისძიებების რელევანტურობა  სათუოდ რჩება.

 დასკვნა

კორონავირუსის პანდემია აისახა საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე. 2020 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში შეიზღუდა: ტვირთების გადაზიდვა, მიმოსვლა, საკუთრების, საქმიანობის უფლება, რის გამოც ბიზნესსექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მისი ბრუნვის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, მკვეთრი რეგრესით ხასიათდება გამოშვებული პროდუქციის რაოდენობაც, მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა, რომელმაც  მნიშვნელოვნად დააზარალაა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი.  კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა  და   მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, გაამწვავა კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა, მათ   შეექმნათ სერიოზული პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით. ბიზნესი, რომლებმაც ვერ შეძლო გადასვლა საქონლისა და მომსახურების ონლაინ ფორმატზე, გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.      

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებების მნიშვნელობის მიუხედავად, სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმა მოითხოვდა უფრო სერიოზულ გააზრებასა და სიღრმისეულ არგუმენტაციას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ.შენგელია (2020). გლობალური ეკონომიკის რეცესია და საქართველოს პოსტვირუსული განვითარება. ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი № 1, 2020
  2. თ.შენგელია. კორონავირუსის მსოფლიო გეოგრაფია და საქართველოს ეკონომიკის   პერსპექტივები.  III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია„კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები.“ თბ., 2020
  3. T.Shengelia (2020). The post-coronavirus economy of the world and Georgia.// Economic and Business№ 12
  4. T. Shengelia (2017). The role of state regulation of investment in the Georgia business development. International business in the world economic system
  5. T Shengelia. (2020) Export potential of Georgia. World economy and international economic relations 3, 29-33
  6. T Shengelia (2014). Tendencies of The Capital International Movement and Its Influence on the Economy of the Sovereign State.   International Journal of Science, Technology and Medicine 6 (1), 49
  7. T Shengelia (2017). The role of state regulation of investment in the Georgia business development. International business in the world economic system
  8. Jones L., Palumbo D., Brown D. Coronavirus: A visual guide to the economic impact. BBC News, 29 June (2020). URL: https://www.bbc.com/news/business-51706225;
  9. Rapaccini M., Saccani N., Kowalkowski C., Paiola M., Adrodegari F. (2020), Navigating disruptive crises through service-led growth: The impact of COVID-19 on Italian manufacturing firms // Industrial Marketing Management. vol. 88, pp. 225-237.
  10. Georgia Covid-19 survey Report 2021
  11. http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf
  12. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/195/biznes-sektori
  13. The    World    Bank.    Pandemic,    Recession:    The    Global    Economy    in    Crisis.    URL: https://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects#
  14. http://cbr.ru/Collection/Collection/File/27911/OFS_20-01.pdf.